ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა – სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა.

“დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლებას” და “სტრატეგია აღმაშენებელს” საერთო ბრიფინგი ჰქონდათ, რომელზეც ხოშტარიამ თქვა, რომ ყველა პარტიამ პირადი ინტერესი გვერდით უნდა გადადოს.

“შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში.

ეს არის არამხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროკავშირში გაწევრიანების.

ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას, ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით”, – თქვა ხოშტარიამ.

იტვირთბა....