ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოელ და ჩინელ მესაზღვრეებს შორის შეტაკებები მოხდა

12 დეკემბერს ინდოეთის არმიაში გამოაცხადეს, რომ 9 დეკემბერს ინდოელ და ჩინელ მესაზღვრეებს შორის არუნაჩალ-პრადეშის შტატის საზღვართან, ტავანგის რაიონში შეტაკებები მოხდა.

“ორივე მხარე ადგილიდან დაუყოვნებლივ გავიდა”. – აცხადებენ ინდოეთის არმიაში. მათივე თქმით, შემთხვევის შემდეგ, საკითხზე სასაუბროდ, ერთმანეთს შეხვდნენ რეგიონში ინდოელი სამხედროების მეთაური და მისი ჩინელი კოლეგა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ რამდენიმე სამხედრო.

შემთხვევასთან დაკავშირებით ჩინეთი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

ინდოეთის თავდაცვის მინისტრის, რაჯნათ სინგჰის თქმით, სერიოზულად არ დაშავებულა არცერთი ინდოელი სამხედრო და შეტაკება “დიპლომატიურ დონეზე გადაიტანეს”. მისივე თქმით, ინდოელი მეთაურების “დროული ჩარევის” შედეგად, ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის სამხედროები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ჩინეთი და ინდოეთი 3 440-კილომეტრიან შეუთანხმებელ, სადავო დე ფაქტო საზღვარს იზიარებენ. დაძაბულობა ზოგჯერ შეტაკებებში იზრდება. თუმცა, 2020 წელს ლადახის რეგიონში, გალვანის რაიონში მომხდარი ხელჩართული შეტაკების შემდეგ, ორივე მხარე დეესკალაციას ცდილობს. ამ შემთხვევას 20 ინდოელისა და, მინიმუმ, 4 ჩინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს 45 წელში პირველი შეტაკება იყო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

კიდევ ერთი შეტაკება 2021 წლის იანვარში მოხდა, ინდოეთის სიკკიმის შტატის საზღვართან. შედეგად, ორივე მხარეს იყვნენ დაშავებულები.

2022 წლის სექტემბერში ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სადავო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ძალებს გაიყვანდნენ.

იტვირთბა....