“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროპარლამენტარების მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, უსაფუძვლოს უწოდებს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფოს საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად აქვს გაცნობიერებელი და ამის შეხსენებას არ საჭიროებს.
ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისევ ირონიით მოიხსენიებს. მისი თქმით, აბსურდია, როდესაც მესამე პერზიდენტის მდგომარეობა 400 დღეა დღითიდღე მძმდება.
“ვთქვი, რომ ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან. ციხეში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს, საავადმყოფოებში არის პატიმრებისთვის ის პირობები, რომლებიც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები არის, რაც მთავარია, დაცული. სახელმწიფოს არა მარტო გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ მოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. შესაბამისად, არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისთვის არ არსებობს. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო, 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო. ეს სირცხვილია. კაი, ახლა, 400 დღეა რა დღითიდღე მძიმდება…, – თქვა კობახიძემ.