რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში პატიმარო ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს. რჩეულიშვილმა სააკაშვილის საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ 5 პრეზიდენტიდან საქართველოსთვის ყველაზე მეტი მან გააკეთა.
„ჩვენ ქვეყანაში ამჟამად უამრავი ისეთი რამ ხდება რომ რთულია ამას საქართველოს მოქალაქემ და ზოგადად ღირსების მქონე ადამიანმა მშვიდად უყურო, დარჩე ობიექტურ დამკვირვებლად, დაელოდო სხვას. ამ ყველაფრიდან დღეს მინდა მიხეილ სააკაშვილიზე დავწერო.
ცოტა შორიდან დავიწყებ, მიუხედავად იმისა რომ არასდროს ვყოფილვარ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი, მართალია მისი პრეზიდენტობის დროს 11 წლის ვიყავი, მაგრამ ვერც მაშინ და არც ახლა მის მიმდევრად ვერ ჩავითვლები. რათქმაუნდა ეს ხელს არ მიშლის მისი სიკვდილი ჩვენი თანამედროვე ისტორიის უდიდეს ლაქად ჩავთვალო. მისი გარდაცვალებით გაჩენილმა სოციალურმა ნაპრალმა კი გამოიწვია ის პოლარიზაცია რომლის შედეგს დღემდე ვიმკით.
სამწუხაროდ წარსულს ვერ შევცვლით, უფრო ცუდი კი ის არის რომ მისგან ვერაფერს ვსწავლობთ და ეხლა მიჯნაზე ვართ კიდევ ერთი კატასტროფული შეცდომის დაშვების.
მიშამ ჩემი აზრით ამ ქვეყნის 5 პრეზიდენტიდან ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ასევე უამრავი შეცდომაც დაუშვა, შეიძლება იმაზე მეტიც კი ვიდრე ეს ჩვეულებრივი დინამიკის თანმდევია, უბრალოდ ესეც წარსულია, ჩვენ კი ბრედბერის პერონაჟები არ ვართ, მისი კარგიც და ცუდიც უკვე ისტორიაა. მისი სიცოცხლის უფლება კი აწმყოა, დროის ერთადერთი რეალური განზომილება, მოცემულობა რომელიც ჩვენ ხელშია. პირველ რიგში მან უნდა იცოცხლოს იმიტომ რომ ადამიანია და ეს არის ჩემთვის მთავარი ღირებულება, მაგრამ ასევე არსებობს ფაქტორი რომელიც ამ კონკრეტული პიროვნების გადარჩენას პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანს ხდის, ის ბზარი რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა ზვიადის დროს, კიდევ უფრო გაღრმავდება და აუცილებლად ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავა, დაგვაბრუნებს იმ სამარცხვინო წერტილში რომელიც დღემდე არ მოშუშებულა, ძმა გაწირავს ძმას და სისხლი სისხლს. ამ წამს არ მაინტერესებს რას იფიქრებენ გარეთ იმიტომ რომ პროცესი შეუქცევადი გახდება შიგნით, ჩვენს ქვეყანაში. არ ჭირდება ამას ტელეოლოგია და კაზუალურობა,რასაც ახლა ვწერ ეს აუცილებლად მოხდება
არ აქვს მნიშვნელობა ვის როდის მიეცით ხმა(მე არასდროს არ მიმიცია არც ნაცების და არც ოცნებისთვის) არააქვს მნოშვნელობა მოგწონთ მიშა თუ არა, ახლა თუ არაფერი შევცვალეთ და არ გავაპროტესტეთ, არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილის თანამონაწილე გავხდებით, არამედ ჩვენი ხალხის სამუდამო გახლეჩას მოვაწერთ ხელს. დუმილი დღეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა, აქ და ახლა ჩვენ მომავალის კონსტრუირებას ვახდენთ, რომელიც ჩვენი ქმედებეის ჯამია, უმოქმედობა კი დანაშაულია რომლის შედეგიც გარდაუვალი და დამანგრეველი იქნება ყველასთვის“, – წერს რჩეულიშვილი.