ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ადანაშაულებს დედა ქეთევანის შვილი სააკაშვილს დედის გარდაცვალებაში

დედა ქეთევანის შვილი, თაია არღვლიანი დედის გარდაცვალებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

მან გაზეთ „ალიას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამ საკითხზე ფართოდ ისაუბრა.

„მორალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის აღწერა, იმ დღის გახსენება, როცა დედა დააპატიმრეს და ჩუსტებით წაიყვანეს. ახლა, როცა ცუდად გახდა, ვუთხარი, დედა, სულ მოგივლი, ოღონდ ციხე არა-მეთქი. ეს სიტყვები იმიტომ აღმომხდა, რომ სულ ციხის კარებთან ვიდექი. თან იმ დროს ორსულად ვიყავი. მატროსოვის ციხეში წერილები არ შედიოდა. მას ჩვენთან დარეკვის უფლება დიდხანს არ ჰქონდა. მის შესახებ ვერაფერს ვგებულობდით. პრესა შედიოდა და უხაროდა. საგაზეთო სტატიებში უბრალო ფანქრით ვწერდი ჩვენს ამბავს. სააკაშვილს არც მნახველი აკლია და არც წერილი. ფეისბუქზე გვერდი აქვს გახსნილი, რომელიც მისი პოლიტიკური განცხადებებით არის სავსე. ჩვენ კი დედას ძლივს ვაგებინებდით ოჯახის ამბებს. ასე დიდხანს გრძელდებოდა. ყოველდღე გაზეთებს ვაწვდიდით, რომ მშვიდად ყოფილიყო, ჩვენს ამბებს ამ ფორმით ვაგებინებდით, მაგრამ ვიღაც პატიმარმა ეს რომ ნახა, დედა ადმინისტრაციაში დააბეზღა. ხომ იცით, მაშინ რამდენმა ადამიანმა გამოიჩინა სულმდაბლობა, რომელთა დასმენით უამრავი უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდა ციხეში. დედას რამდენი ცრუმოწმე დააყენეს თავზე სასამართლოში! ახლა მოდიან ჩვენთან და ინანიებენ, მაგრამ ასეთი ადამიანების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ არა ჩამშვები და მაბეზღარა ადამიანები, სააკაშვილის რეჟიმი ამდენ ბოროტებას ვერ ჩაიდენდა და კიდევ ესენი ბედავენ 37 წელზე ლაპარაკს, როცა თვითონ მოუწყვეს ქართველ ხალხს ყველაზე დიდი 37 წელი, რომელიც 9 წელი გაგრძელდა. ახლა კიდევ რევანში უნდათ, რათა ფაშისტური რეჟიმით სული ამოგვხადონ.

ყველაზე მძიმე ჩემთვის ის იყო, რომ ჩვენ, შვილები, დედას შესახებ ვერაფერს ვგებულობდით. მისი დაპატიმრებიდან 4 თვის თავზე სატელეფონო ზარის ხმა გაისმა. მაშინ პირველად დამირეკა დედამ. აცრემლებული ხმით მითხრა, თბილისიდან ზუგდიდში გადავყავართო. გამზადებული ამანათი ხელში შემრჩა. საჭმელი ვერ მივაწოდე. მშიერი დამრჩა და ეს საშინლად განვიცადე.

ზუგდიდის ციხეში შვილები რიგრიგობით ჩავდიოდით. სასწაულებს გვიყვებოდა შემდეგ, ზუგდიდის ციხე ნამდვილი ოსვენციმი იყოო. მაშინ გაძლიერდა ის რწმენაში და 24 საათი ლოცულობდა. დედა ზუგდიდის სასამართლოში თითქმის დანგრეული სატვირთო მანქანით მოიყვანეს. რა შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი! რომ შემოყავდათ, ჩვენკენ გამოხედვის უფლებას არ აძლევდნენ. როგორც კი გამოგვხედავდა შვილებს, მაშინვე მიატრიალებდნენ და მანქანაში სვამდნენ. ზუგდიდის სასამართლოში რაც ხდებოდა, ამის აღწერა, ნანა, მითუმეტეს ახლა, როცა დედა ასეა, არ შემიძლია. და ამ ყველაფრის ავტორი იყო სააკაშვილი და მისი შემსრულებელი ოქრუაშვილი, მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილები. ოქრუაშვილს პასუხი არაფერზე აგებინეს. რა სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი შეიწყალა! მას გარედან ჰქონდა ეს მითითება და შეასრულა, თორემ ოქრუაშვილი უვადოდ უნდა იყოს ციხეში, იმდენი დანაშაულობები აქვსმას ჩადენილი. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ფაშისტების გარდა იყვნენ პოლიციის რიგითი ოფიცრები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. ასეთი იყო ირაკლი ქურასბედიანი. მას უთქვამს, ეს ქალი ხელს გვიშლის, დასაჭერი არისო, ანუ კოდორის მტრისთვის ჩაბარებაში უშლიდათ დედა ხელს ნაციონალ მოღალატეებს. ეს ნაძაღლარი დღეს უკრაინაში იბრძვის და ელოდება რევანშს. მაგრამ ისევ ვიმეორებ, ყველა ბოროტების თავი და თავი სააკაშვილი იყო. აბა, პოლიციის ოფიცერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. დედაჩემის დაპატიმრება იყო პოლიტიკური რეპრესია. დედას ნაცრეჟიმი ოპონენტად მიიჩნევდა, რომელიც ხელს უშლიდა სააკაშვილის რეჟიმს კოდორის მტრისთვის ჩაბარებაში და სწორედ ეს იყო მისი დაპატიმრების მთავარი მიზეზი. ჩამშვებმა ქურასბედიანმა უბრალოდ ჩააწვეთა რეჟიმს, რომ ნორა კვიციანი ხელს უშლიდათ. ასეთები დღესაც ბევრნი არიან, რომლებსაც თავიანთი სამშობლოს კეთილდღეობა არ აინტერესებთ და ვითომ უკრაინას იცავენ.

– ზუგდიდის ციხეში რამდენ ხანს იყო დედა?

– სამი თვე იყო, მაგრამ ეს სამ წელიწადზე მეტსაც უდრიდა. სამი თვის შემდეგამ ფაშისტებმა დედა ეტაპირებით ზუგდიდიდან ბათუმში მინდია გორაძე – ლავასოღლთან ერთად გადაიყვანეს, მერე კი – მატროსოვზე, სადაც თავიანთი მოწყობილი „ქალთა ბუნტის“ დროს დედას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ის შემთხვევით მისმა ნათესავებმა იცნეს და გადაარჩინეს. დიმიტრი შაშკინი სააკაშვილის გვერდით არ უნდა იყოს? ის ხომ პირდაპირ ახორციელებდა სააკაშვილის ბრძანებას, რომ პატიმარი ქალები წამებით გადაესახლებინათ ყველაზე მძიმე რეჟიმის ციხეში. დედა ფიზიკურად და სულიერად იმდენად ძლიერი ქალი იყო, ასე სასტიკად რომ არ ეწამებინთ, მას რა მოერეოდა. სანამ ასე ცუდად გახდებოდა, შვილები დაგვიბარა და გვითრა, მე მალე მოვკვდები და ნუ შეგეშინდებათო. დღემდე ასე გვამშვიდებს. ახლა მარტო დედა კი არა, დედას და, გულნარა დეიდაც სიკვდილს ებრძვის.

– ის რატომ არის მძიმედ?

– მისი სამივე ბიჭი დაჭერილი ჰყავდა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს.

– რატომ, რა მუხლით იყვნენ დაპატიმრებული?

– ერთ-ერთს, უპატიოსნეს ადამიანს, სპორტსმენს, სახლში ეძინა და მიუვარდნენ. მას პოლიციასთან დაუმორჩილებლობაზე ედავებოდნენ. ძმებმა არ გააყოლეს, დაიცვეს უმცროსი ძმა და სამივენი ციხეში შეყარეს. ერთს ოცი წელი, მეორეს – 15, მესამეს -13 მიუსაჯეს და დეიდაჩემმა ისე განიცადა ეს ამბავი, რომ ჯანმრთელობა იმ დღიდან დაკარგა. ნანა, რომელი ერთი უნდა გავიხსენო. მარტო ჩვენი ოჯახი კი არა, მთელი სანათესაო ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული. დედასთან ამანათი როცა მიმქონდა რუსთავის „კრიტში“, კაცების ციხეც გვერდით იყო. ჩემი დეიდაშვილები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, რომ დავენახე. როცა დამინახავდნენ, თეთრ ფურცლებს ააფრიალებდნენ ხოლმე. სხვანაირ კავშირს მათთან ვერ ვახერხებდით. თეთრი ფურცლები იმის ნიშანი იყო, რომ კარგად იყვნენ და მეც ამბავი მიმქონდა დეიდაჩემთან. შემდეგ სამივე ძმა გაამართლეს. ისინი სრულიად უკანონოდ ისხდნენ წლების განმავლობაში ციხეში. მათმა დედამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და მისი ჯანმრთელობა ამ ამბავს შეეწირა. ჩვენს ბიძაშვილს, 27 წლის დათო ცინდელიანს, რომელმაც რუს გოგონას დაურეკა მობილურზე, რუსებთან გაქვს კავშირიო, როგორც სიცილიური მაფია აკეთებდა, ქვა გამოაბეს ფეხზე და ზღვაში ჩააგდეს. უბედურ დედამისს შვილის საფლავიც არა აქვს. დათო ცინდელიანი, უნიჭიერესი ბიჭი, საერთაშორისო დიპლომატიურზე სწავლობდა. რასაც ნაციონალები ჩადიოდნენ, ამას მხოლოდ ლათინური ამერიკის ხუნტები აკეთებდნენ არგენტინასა და ჩილეში. ადამიანებს იტაცებდნენ და ოკეანეებში ყრიდნენ. და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და იძახიან ნაციონალები, ფაშისტები არა ვართო?!

დედა მორწმუნე, ღვთისნიერი ქალია. მან ყველას მიუტევა. ჩვენ კი, შვილებს, ამ სიმწარეს რა დაგვავიწყებს. კოდორიც მათი ღალატის გამო დაეცა და დედას ჯანმრთელობაც მათ შეიწირეს. სააკაშვილს პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ ბოროტებების გამო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილი დღესაც საფრთხეა. ის ბოროტი იარაღია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რადგან საკუთარი ახირებებისა და გარედან მიღებული დავალებების გამო, შეიძლება გაყიდოს ქართული მიწაც და წყალიც. ახლა პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშიევსკა რომ ჩამობრძანდა თბილისში და სააკაშვილის ნახვა მინდაო, რომ აცხადებს, მოვიდეს და სააკაშვილის მსხვერპლი, ნორა კვიციანი ნახოს. დედაჩემი არ იმსახურებს მისგან გულმოწყალებას? ხომ იძახის გოშიევსკა, ქრისტიანი ვარო.

პროკურატურის თაროები ვერ იტევს სააკაშვილის რეჟიმისგან ციხეებში ნაწამებ, ქუჩებში დახოცილებისა და ქონებაწართმეული ადამიანების საქმეებს. ქალთა ციხის ბუნტი გამოუძიებელია. სააკაშვილს ოცნება სხვას თუ ვერაფერს უმტკიცებს, ქვეყანაში უკანონოდ შემოპარვაც არ უმტკიცდება? ახლა ყოველ დღე, 24 საათი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ არიან თავისუფალი ტელევიზიები დაკავებული, დედამ კი აპატია სააკაშვილს, მაგრამ მე, ნორა კვიციანის შვილი თაია არღვლიანი, ვითხოვ, ის „ვივამედიში“ კი არა, რუსთავის „კრიტში“ ან ზუგდიდის ციხეში გადაიყვანონ და მერე ნახონ, რა არის ნამდვილი ციხე. მისი მხარდამჭერები, პოლიტიკური აფერისტები რომ გაიძახიან, გამოუშვით მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიო, მათ მართლა კი არ შესტკივათ სააკაშვილზე გული, აქ პოლიტიკურ კორუფციას აქვს ადგილი. ტყუილად არცერთი მათგანი არ ყვირის. მე კი ვამბობ, ის არც სააკაშვილია… და აღარც მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილის მსგავსი არგენტინის პრეზიდენტი დალპიერი ამოღებულია პრეზიდენტების სიიდან, რადგან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაულობები, რაც სააკაშვილმა შემდეგ გაიმეორა. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის რევანში კი არა, უნდა მოხდეს მისი სამართლებრივი შეფასება. სააკაშვილი კი არ უნდა შეიწყალონ, უნდა გასამართლდეს, როგორც სამშობლოს მოღალატე და ქართველი ხალხის მტერი და აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა“ .

შეგახსენებთ, დედა ქეთევანი (საერო ცხოვრებაში ნორა კვიციანი) ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის დაა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ დღეს გავრცელდა.

იტვირთბა....