“აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა” – ასე აფასებს ტელეკომაპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ არ გააუქმა კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი საბოლოოდ, განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.
„საქმეები, რომელიც იხილება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ერთ ინსტანციას აქვს 25 დღე, მეორეს – ორი თვე, 85 დღეში რაც კეთდება, ეს ყველაფერი გაკეთდა ზუსტად 24 საათში. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, რომ ხელისუფლება შემთხვევით ხომ არ ერევა ირიბათ თქო, ახლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება იმისა ვთქვა, რომ აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა. ჰკითხეთ ნებისმიერ იურისტს, რომელსაც ერთი საქმე მაინც უწარმოებია, თუ არსებობს შემთხვევა, რომელიც 24 საათში დასრულდა,“ – განაცხადა გადაბაძემ.
გადაბაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება.
მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას, რადგან კანონით ეს არის სხვისი საკუთრება.
შეგახსენებთ, ხვალ “მაესტროში” კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც გადაწყდება ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები.