გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმის პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს.
დახურული სხდომის გამო, პროკურორი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ დაზარალებულს
მრავალი ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, მკვრივი ბლაგვი და მსხვილი ბასრი პირის მქონე საგნებით.
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის, საკითხი შეაფასოს, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა თუ არა, დასმული კითხვები ეხებოდა იმას, ჰქონდა თუ არა, დაზარალებულს დაზიანებები. რა სახის არის დაზიანებები, სად არის განთავსებული, რა ხანდაზმულობისაა, ასევე სხვა მტკიცებულებებს მხარეები სასამართლოში წარვადგენთ. ბრალდების მხარის გონივრული მოლოდინი არის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება”,- განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.