ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მთავრობა კი არა რუსეთის აგენტურაა. ელექტროენერგიას ყიდულობენ რუსეთიდან და რუსეთის სამხედრო ბაზებს ამარაგებენ აფხაზეთში. თურმე ამას იმიტომ აკეთებენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. ამაზე დიდი სისულელე გაგიგონიათ?
რატომ არ აწვდის რუსეთი დენს აფხაზეთს? იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაამცირონ საქართველოს მთავრობა და დაადასტურონ მზარდი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე.“
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, აფხაზეთს რუსეთი მიაწვდის ელექტროენერგიას. მისი განცხადებით: „აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურის და ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება. რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და, შესაბამისად სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა , რითაც შექმნილი ვითარება გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს.“