ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გირგი კვირიკაშვილმა Ryanair-ის კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან გამართა.
ობრაიანის განმარტებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.
„დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ,“ – აღნიშნა ავიაკომპანია “Ryanair”-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.