ისრაელისა და აშშ-ის სამხედროებმა ღამით ირანში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. იერიში მიიტანეს მართვის ცენტრებზე, შტაბებზე, სარაკეტო ინდუსტრიულ ცენტრებზე, ბაზებზე, აეროპორტებსა და საწყობებზე.
ამასთან, ირანის თავდასხმის სამიზნე ისრაელი გახდა. კასეტური საბრძოლო მასალით დატვირთული ბალისტიკური რაკეტა ქალაქ ნეშერში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, ჩამოიშალა კედელი და საცხოვრებელი სრულად განადგურდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, – ცნობილია, რომ მოსახლეობამ თავშესაფარში ჩასვლა მოასწრო. ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებშიც.
საომარ მოქმედებებს ეხმაურება მსოფლიო მედია.
The New York Times-ის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე ოპერაციის გეგმა “მოსადმა” შეიმუშავა, თუმცა ჩანაფიქრი ჩავარდა. ისრაელის დაზვერვა მიიჩნევდა, რომ ისლამური რესპუბლიკის ლიდერების მკვლელობა და სამხედრო ობიექტებზე მასირებული დარტყმები ქვეყნის შიგნით მძლავრ პროტესტს გამოიწვევდა, თუმცა, ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდა.
მედიის შეფასებით, შექმნილი ვითარების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი არა ირანში რეჟიმის შეცვლა, არამედ ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ბლოკადამ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა უკვე გამოიწვია და მსოფლიო ეკონომიკას კრიზისის საფრთხე შექმნა. ტრამპი ირანთან “პროდუქტიულ მოლაპარაკებებზე” საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა, შესაძლოა, შემცირდეს.

