ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე ფიქრი შეწყვიტა. ამის შესახებ კომენტარი ჭიაბერაშვილმა „ღამის მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა:
„მე არანაირ თანამდებობაზე პრეტენზია არ მაქვს, თანამდებობებზე ვყოფილვარ და ახლაც მაქვს ჩემი სამსახური აკადემიურ სფეროში. აქ ამაზე საუბარი არაა. ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ერთ მაგიდასთან დავსხდეთ. საკითხი დავიდა ჯანმრთელობამდე […].
ვინმეს მართლა ჰგონია, ჩემთვის ახლა რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია?! ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ფიქრზეც კი ზოგიერთებმა ისეთი განცხადება გააკეთეს, მე შემრცხვა მათ მაგივრად. თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი – არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება,
მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ერთად დაენახეთ ხვალ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული – გამარჯვებულს გაუწვდის ხელს“, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი „მთავარ არხთან“.
მანამდე ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობდა, რომ მას უფიქრია, მონაწილეობა მიეღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის შესახებ მან განაცხადა 26 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ტელეწამყვან ირაკლი ტაბლიაშვილის კითხვის საპასუხოდ.
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაცხადებული აქვს ლევან ხაბეიშვილს, მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ასევე აქტივისტ გიორგი მუმლაძეს. გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი ხშირად აკრიტიკებენ ნიკა მელიას „უმოქმედობის“ გამო.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოფიციალურად არ მონაწილეობს პარტიის მართვის პროცესში, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის თანახმად, თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.
ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობის სურვილის გაცხადებიდან მალევე ტვ პირველის ეთერში, 23 ნოემბერს თქვა, რომ წლების წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „მოპარულ მილიონებზე“ საუბრობდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აზრიც შეეცვალა.
„რაც შეეხება კეზერაშვილის [ჩემ] უკან დგომას და არჩევნებს, კეზერაშვილს ერთი ხმაც კი არ აქვს ამ [ენმ-ის] არჩევნებში. მართლა არ მესმის, რატომ შეიძლება დავით კეზერაშვილს პარტიის გაკონტროლება სურდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.