უკრაინამ, საკუთარი პრობლემების მიუხედავად, 900 მილიონი გრივნა გამოყო სუდანის, იემენის, კენიასა და ნიგერიისთვის ხორბლისა და სიმინდის შესაძენად, რათა კრემლმა არ შექმნას ხელოვნური შიმშილი ამ ქვეყნებში – განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა დღეს, კიევში გამართულ სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით იწყება ჰუმანიტარული პროგრამა „მარცვლეული უკრაინიდან“, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე სახელმწიფოები შეიძენენ უკრაინულ პროდუქტებს და გაიტანენ ქვეყნებში, სადაც შიმშილის საფრთხეა.
“კრემლს ახლა ესმის უკრაინის, როგორც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტის მნიშვნელობა და ყოველმხრივ ბლოკავს უკრაინულ ექსპორტს, რითაც სხვა ქვეყნებში ხელოვნური შიმშილი ქმნის. რუსეთისთვის ეს მსხვერპლი არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, მათ აინტერესებთ გლობალური არასტაბილურობა, ისევე, როგორც 1933 წელს უკრაინელების დახოცვა აინტერესებდათ”- ამბობს დენის შმიგალი.
ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, გერმანიამ უკვე შეიძინა 27 ათასი ტონა უკრაინული ხორბალი, რომელიც გაიგზავნება ეთიოპიაში; აშშ-მ 20 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინული საკვების შესაძენად, ხოლო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა გამოყოფს 20 მილიონ დოლარს იმავე მიზნით.
შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის 90 წლისთავს აღნიშნავენ.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.