ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა გადაწყდეს – არასამთავრობოები ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შემდგომი მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. ამის შესახებ ორგანიზაციების საერთო განცხადებას „ღია საზოგადოების ფონდი“

“ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის „სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის – საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „მედიის განვითარების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.

იტვირთბა....