“მეტრონომი” ქალაქში გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ ექსპერტს მაკა ბულეიშვილს ესაუბრა. ექიმის თქმით, ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსი სიმპტომების ერთობლიობით ხასიათდება და ის ორგანიზმს საკმაოდ ასუსტებს.
კორონავირუსის თვალსაზრისით საქართველოში ძალიან სტაბილური მდგომარეობაა. ჩვენთან საყურადღებოა სეზონური ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებს განსაკუთრებით ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსი. “ჰონგ კონგის” ვირუსს ძალიან ბევრი სიმპტომი ახასიათებს ერთობლივად, ყველა ის სიმპტომი, რომელიც ზოგადად მწვავე რესპირატორულ დაავადებას. ეს შეიძლება იყოს: ცხვირიდან გამონადენი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გრძელდება 7 დღე, ძლიერი კუნთების ტკივილი, ასევე ხველა, რომელიც საკმაოდ მალე იწყება. ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, როდესაც დიდხანს გრძელდება ეს სიმპტომები.ასევე, შეიძლება ახასიათებდეს დიარეა, გულისრევის შეგრძნება. “ჰონგ კონგის” ვირუსი სიმპტომების ერთობლიობით გამოირჩევა.
ჯანდაცვის ექსპერტმა “მეტრონომთან” საუბრისას რისკ ჯგუფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომართვიანობა ყველაზე მეტი ჩვილ ბავშვებშია.
2-6 წლამდე ბავშვებში არის უფრო მეტად გავრცელებული. ძალიან ბევრ ბავშვს ვირუსის გახალგრძლივება ახასიათებს. თითქოს დამთავრდა, თითქოს გადალახა, გადის 3-4 დღე და სიმპტომები ისევ ბრუნდება. ეს ასუსტებს ორგანიზმს. რისკ ჯგუფები არიან, რა თქმა უნდა, ჩვილი ბავშვები. მომართვიანობა ყველაზე მეტი არის სწორედ ჩვილ ბავშვებში და ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე, იმ ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა ფონური დაავადებები აქვთ.
ექიმმა ჩვენთან საუბრისას გრიპის ვაქცინის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.
ახლა არის საშუალება უფასოდ ჩაიტარონ ვაქცინა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ შანსს გამოიყენებენ. მიუხედავად იმისა რომ იმუნიზაციის ჩატარება დეკემბრის თვეში დაგვიანებულია, მაინც არ არის ცუდი თუ პრევენციული თვალსაზრისით გართულების თავიდან ასაცილებლად გაიკეთებენ ვაქცინას.