ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. გადაბაძე 17 საათისთვისაა დაბარებული.
როგორც ბაია გადაბაძემ „მეტრონომს“ განუცხადა, პროკურატურა მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა, სადაც ბაია გადაბაძე მის მიმართ მიზანმიმართული დევნის დაწყებაზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს.
„პროკურატურა დაინტერესდა ჩემ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს პროფესიული დევნა. როდესაც ფორსირებულად მიმდინარეობს ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რომელიც მიმდინარეობს ლევან და გია გაჩეჩილაძეების მხრიდან, ეს არის დევნა. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია 19 თებერვალს კრედიტორთა კრების ჩატარება, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან. პროფესიული დევნა კი არის იმიტომ, რომ თუ არ შედგა ეს კრება, და საქმე ზოგადად იქნა გამოთხოვილი, როგორც ამას ლევან გაჩეჩილაძე აპირებს, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნება საფრთხე. მე კი როგორც ტელევიზიის წარმომადგენელი, იმ ადამიანებზე პასუხსიმგებელი პირი, რომლებიც აქ მუშაობენ და ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირი, მიმაჩნია, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩემი დევნა, რომ პარასკევს აღარ ვიყო ტელევიზიის გენერალური დირექტორი. დეტალურად უკვე პროკურატურას ჩავაყენებ საქმის კურსში.“ – განუცხადა „მეტრონომს“ ბაია გადაბაძემ.
შეგახსნებეთ, რომ ბაია გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რის მიხედვითაც ის მოითხოვს, რომ, სანამ მის დევნაზე მისი განცხადების თაობაზე გარემოებები არ დადგინდება, მანამდე ყველა კრების ოქმი შეჩერდეს.
“ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ამოცანა არის ის, რომ 19 თებერვალს, როდესაც დანიშნულია კრედიტორთა კრება, მე არ ვიყო დირექტორი. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ამ პროცესში სასამართლოც მონაწილეობს, პირდაპირ კი ამას აკეთებს გაჩეჩილაძეების მხარე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ 48 საათის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილოს საჩივარი, ორივემ მიიღოს გადაწყვეტილება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს, რეესტრმა კი სასწრაფოდ განიხილოს ეს ყველაფერი და პარასკევს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე აღარ ვიყო დირექტორი. ამის ეჭვი მაქვს. ჩემს მიმართ მიმდინარეობს დევნა და სასამართლოს ვთხოვ, ყველა ოქმის შეჩერებას, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა. ლევან გაჩეჩილაძეს სურს, რომ ის გახდეს დირექტორი და ჩაშალოს ყველაფერი, რაც მაესტროს რეაბილიტაციისთვის არის საჭირო,” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.