ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის.

„ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, გაუმჯობესდა თუ არა სოციალური მდგომარეობა საქართველოში, კახა კალაძემ უპასუხა:

„ხალხმა რაც იგრძნო და როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი იკვეთება არჩევნების დროს. არჩევნების დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რითაც დღეს „ქართული ოცნება“, პირველად საქართველოს ისტორიაში, მესამე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პასუხი თქვენს კითხვაზე და დამოკიდებულება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

იტვირთბა....