რუსეთის ელჩმა სირიაში, ალექსანდრ ლავრენტიევმა, თურქეთს მოუწოდა, გამოიჩინოს თავშეკავება და არ დაუშვას დაძაბულობის გამწვავება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლავრენტიევმა.
ელჩის განცხადებით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ სირიას თავიდან აერიდებინა თურქეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.
„რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – თქვა ლავრენტიევმა.
კვირას თურქეთის ავიაციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში დარტყმები განახორციელა. თურქეთის ხელისუფლების თქმით, საჰაერო დარტყმები სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განახორციელა.