ხერსონში, ადგილობრივი მოსახლეობის და მუშების თქმით, ოკუპაციის დროს რუსეთის ძალებმა ნაგავსაყრელის ტერიტორია დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების დასაწვავად გამოიყენეს. ხერსონის პირას მდებარე ნაგავსაყრელზე აღმოჩენილია ჩაფხუტები, სამხედრო უნიფორმები და რუსული დროშები.
ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის თქმით,მაშინ როცა ქალაქი რუსების მიერ იყო ოკუპირებული, ნაგავსაყრელის ადგილი აკრძალული ზონა იყო და მასთან მიახლოება არ შეეძლოთ.
ადგილობრივები Guardian-თან ყვებიან, რომ ოკუპანტები იქ რუსი სამხედროების ცხედრებს წვავდნენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ დაინახეს შავი ჩანთებით დატვირთული რუსული ღია სატვირთო მანქანები. მათივე თქმით, რუსმა სამხედროებმა შავ ჩანთებს შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. მცხოვრებლების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მათ პირადად არ უნახავთ რუსი ჯარისკაცების სხეულები.
“ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ბომბავდა, მათ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადაჰქონდათ და წვავდნენ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასთან.
დასუფთავების ქარხნის მუშები ამბობენ, რომ რუსებმა ყველაზე იზოლირებული ნაგავსაყრელი აირჩიეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიღებულ ინფორმაციას დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ ადასტურებს.