შსს-მ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა:
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან – ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბ-ს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო“
შსს-ს ინფორმაციით თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).