“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ, ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შემდეგნაირად უპასუხა: მერე ეგ კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და ჯანმრთელი იქნებოდა, “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგებოდა, ქვეყანაში კი პროცესები სხვაგვარად წარიმართებოდა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ ის პროცესებში არ ერევა და მას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს. ბევრისგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა ამ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის პოლიტიკაში.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყოს, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და გარეთ”, – თქვა დავით კირკიტაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა სწორი დრო „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩასატარებლად, კირკიტაძე ასე პასუხობს: „მე ვთვლი, რომ შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პროცესიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებული გამოვა“.