ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ბებერი ნიანგები“ „ოცნების სიაში“ და არმაზ ახვლედიანის „პოლიტიკური ზოოპარკი“

ექსკლუზიური ინტერვიუ “ქართული ოცნების” ყოფილ აღმასრულებელ მდივანთან, არმაზ ახვლედიანთან

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი პარტიის მუშაობას აკრიტიკებს და მომავალ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს “ბებერი პოლიტიკური ნიანგების” სწრაფად ჩამოშორებას ურჩევს.

ახვლედიანმა პარტიის ზოგიერთ წევრს საბჭოური იდეოლოგიის მატარებლებიც უწოდა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ახვლედიანი ბოლოდროინდელი განცხადებები ასე შეაფასა: “ვფიქრობ, არცთუ კარგი აღმასრულებელი მდივანი იყო და პოლიტსაბჭოს წევრობის დროსაც ცოტა მეტი აიღო თავის თავზე, როდესაც მაგიდაზე მუშტის ბრახუნი დაიწყო და ახლა, აქეთ გვაბრალებს, რომ ჩვენი მეთოდები მკაცრია”.

“მეტრონომი” გთავაზობთ ინტერვიუს არმაზ ახვლედიანთან

“მეტრონომი”: რატომ დატოვეთ პარტიაქართული ოცნება

არმაზ ახვლედიანი: “არ დამიტოვებია, მეტიც მე ახლაც ვარ პარტიის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, პოლიტსაბჭოს წევრი. ყრილობის მიერ არჩეული.

-პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თქვენ მოვალეობა შეგიჩერდათ.

-„ვერ გეტყვით კობახიძემ რა განცხადება გააკეთა, მე გეუბნებით რაც არის სინამდვილეში“.

-თქვენ საუბრობდით, რომ პარტიას იდეოლოგია არ გააჩნია. კონკრეტულად რას გულისხმობდით, როცა ამ საკითხზე საუბრობდით?

-“ასეთი რამ მე არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ პარტიაში ცალკეულ ხელმძღვანელებს არ გააჩნიათ იდეოლოგია და ფასეულობები. ხოლო პარტიას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი იდეოლოგია. ეს ორი სხვადასხვა რამაა. რას ვგულისხმობდი იმაში, რომ პარტიაში მოკალათებულ ბებერ ნიანგებს არ აქვთ იდეოლოგია და ფასეულობები შემიძლია ორი სიტყვით აგიხსნათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბატონებისთვის, თუ ქალბატონებისთვის სულ ერთია, როგორი პოლიტიკური შეკვეთაა საზოგადოების, რა პლატფორმაზეა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ ან ხელმძღვანელობენ. მათთვის მთავარია, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, მართონ და იხეირონ.

-ვის და რას გულისხმობდით, როცა განაცხადეთ, რომქართულ ოცნებაშიბევრი საბჭოური იდეოლოგიის მატარებელია, რომლებიც რეფორმების დაწყებას უშლიდნენ ხელს

-“ის ადამიანები, რმლებიც მე ვახსენე ნამდვილად უშლიდნენ და უშლიან ხელს რეფორმების დაწყებას. იმიტომ, რომ ნორმალური, სწორი, სასიკეთო რეფორმების პირობებში ამ ადამიანების ადგილი მმართველობაში ცხადია ვერ იქნება”.

-პარტიაქართული ოცნებისგარკვეული წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ეჭქვეშ აყენებს მათ პროევროპულ იდეოლოგიას, ზოგჯერ კი მათი განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზეც გვაზიანებს. თქვენი შეფასებითრესპუბლიკური პარტიისგარდა, კოალიციის სხვა წევრებითვის ევროატლანრტიკური სივრცე ისეთივე მნიშვნელოვანია?

-“ვფიქრობ, რომ კოალიციაში არიან ცალკეული წევრები ამ კოალიციისა, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიას წარმოადგენენ ისინი კოალიციაში, რომელთათვისაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე რომ, ყველა პარტიის შემადგენლობაში მოიძებნებიან ასეთი ადამიანები. მთავარია, რომ ასეთები იყვენენ უმრავლესობაში და მათი ხმა იყოს გადამწყვეტი.“

-საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია. ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. თქვენი აზრით, ინარჩუნებს ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტზე იგივე გავლენას რაც ადრე ჰქონდა?

-“ივანიშვილი არის ამ პარტიისა და კოალიციის ავტორი. მისი დაარსებულია რეალურად და რა თქმა უნდა ის კარგად ხვდება, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები მისთვის ვერაფრით ვერ იქნება სულერთი. ამიტომაც, ის, მე ვფიქრობ, როგორც პარტიის დამფუძნებელი კოალიციური მოძრაობისა, დაინტერესებულია და რაღაც დოზით ჩართულია კიდეც. მე ვისურვებდი სხვათაშორის, ის ჩაერთოს უფრო აქტიურად, ლეგიტიმურადაც და მისი გავლენა გაიზარდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ვხედავ უფრო მეტ შანს, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში” მოვიდნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. იმიტომ, რომ ბებერ ნიანგებთან გამკლავება ალბათ, ახლა ივანიშვილის წონით კატეგორიაში მყოფ ადამიანს შეუძლია მხოლოდ“.

-საარჩევნო სიებზე მედია აქტიურად საუბრობს. თქვენი აზრით ვინ ვერ მოხვდებაოცნებისსიაში?

-“ვინ ვერ მოხვდება მე ნამდვილად არ ვიცი. ამ სიას ბებერი ნიანგები დააკომპლექტებენ და იქ ისეთებივე მოხვდებიან. სხვანაირების ადგილი იქ ვერ იქნება. ჩემი სურვილია, რომ სია იყოს ბებერი ნიანგების მინიმალური რაოდენობის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს საქართველოში სრულად გავთავისუფლდეთ მათგან, რადგან მათი ადგილი არის პოლიტიკურ ზოოპარკში და არა პარლამენტში”.

-ბატონო არმაზ, იქნებ გვითხრათ, ვის გულისხმობთ ბებერ ნიანგებში?

-“თქვენ კარგად იცით, რომ თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. ბევრმა საკუთარი თავი უკვე შესანიშნავად ამოიცნო. რაც მთავარია, საზოგადოებამ უკვე შესანიშნავად ამოიცნო, მათ შესანიშნავად იციან სახელით და გვარებით ვინ არიან ეს ადამიანები”.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....