ახალი ამბები პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი 22 ნოემბრამდე მზად იქნება – ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, ჯგუფს საკმაოდ რთული სამუშაო ექნება, რათა შექმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მისივე თქმით, ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ.

„ჯგუფმა უნდა შექმნას ისეთი წესი, რომელიც დააკმაყოფილებს იმას, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა გამჭირვალე და ყველასთვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მით უმეტეს, ამ ქოცური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ან ვიღაც სხვა დაინტერესებული პარტიების წარმომადგენლებმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა. დიდი სურვილია, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ემიგრაციამ. ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი ამ პროცესის სამართლიანობაში და შედეგი რაც დადგება, იყოს ობიექტური. ჯგუფი იმ ადამიანებისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ. თავმჯდომარის არჩევის წესის მომზადების შემდეგ, იმსჯელებს პოლიტსაბჭო, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატების კამპანია. მოგეხსენებათ, დასახელებულია ნიკა მელია და კიდევ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაიკავონ ეს ადგილი. ველოდებით, შესაძლოა, სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწარაფად მოხდეს არჩევნები, ოღონდ არა ნაჩქარევად. უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ არ უნდა იყოს ეს გაუაზრებელი და არ უნდა დარჩეს ისეთი კითხვები, რომელიც თავმჯდომარის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვას გააჩენს.

ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი მთავარი ამოცანები. მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, რომელიც გადასაყვანია ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ და გადასარჩენად. თითოეული ჩვენგანის მოქმედება ამას უნდა ითვალისწინებდეს, ისევე როგორც გასათავისუფლებელია ნიკა გვარამია და პოლიტპატიმრები, ამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს პატრიოტები. რა თქმა უნდა, მიშას ხელმძღვანელობით და თამადობით, ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა უახლოეს პერიოდში არის საქართველოში მოქმედი პროპუტინისტური რეჟიმის მშვიდობიანად, არჩევნების გზით ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოცილება. შესაბამისად, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ გვიყურებს ასობით ათასი გულშემატკივარი, ასევე გვიყურებს საქართველოს მტერი პუტინი, პუტინისტები და მისი წარმომადგენელები საქართველოში, „ქოცები“. არ უნდა გავაწბილოთ ჩვენი მომხრეები და პატრიოტი გულშემატკივრები, არ უნდა გავაცინოთ მტრები. ეს არის მიდგომები, რომელიც უნდა გვქონდეს ამ დროს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

წყარო: ტვ პირველი

იტვირთბა....