ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარის მოწოდებას ხელისუფლებისადმი, გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს. მისი თქმით, “საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი”.

როგორც ბრეგაძემ თქვა, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს, შესაბამისად, სასამართლოს საქმეში ჩარევა ყოვლად მიუღებელია.

“ცალკეულმა პირებმა ყოველთვის შეიძლება გამოხატონ უნდობლობა ან გამოაცხადონ ნდობა გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ აქსიომაა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს მის სისწორეში ეჭვი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბატონი ნიკოლოზ გვარამია თუ სხვა ადამიანი, მას როდესაც აქვს განაჩენი და არ მოსწონს ის, შეუძლია გაასაჩივროს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდასახელმწიფოებრივი შესაძლებლობები, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელსაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა. მე არცერთ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური შეფასება. ამისთვის არსებობს სასამართლოს ინსტანციები როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული.

იმისთვის, რომ გახდეთ მოსამართლე, გჭირდებათ იურიდიული განათლება, შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების გავლა – ევროპარლამენტარი არის პოლიტიკოსი და როდესაც პოლიტიკოსი აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას სჭირდება ამისთვის საკმარისი საფუძველი. პატივს ვცემ ჩემს პროფესიას და ძალიან მკაფიოდ ვიცი, რომ როდესაც ვინმე საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამაზე საუბრის უფლება აქვს ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეს – შეაფასოს ეს გადაწყვეტილებები.

საქართველო ევროკავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს ყოფილა. მაგალითად, ადრე შეუძლებელი იყო უვიზო მიმოსვლით სარგებლობა, ახლა კი ეს ყველას შეუძლია. სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე წავიდეს და იმოგზაუროს ევროპაში ვიზის გარეშე. ამ ისტორიული ოცნების ასრულებასთან ვართ ძალიან ახლოს. მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს ვიზამთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, შესრულდეს“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

იტვირთბა....