პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI – ის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, არ შეიძლება იყოს სანდო კვლევა, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.
„მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთას. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1 ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2 პროცენტი აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამეები შემთხვევით ხდება თუ გვებრძვიან? მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ნინო ლომჯარიასთან მიმართებით დადებითად განწყობილია გამოკითხულთა 38% , ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ – 36%.