ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეშფოთებულები ვართ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშში რამდენიმე შესწორებაა. შესწორებული ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტარები საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებულ ძალაუფლებასა და მის ნეგატიურ გავლენაზე საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

ისინი ხაზს უსვამენ „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს დასავლურ ინსტიტუტებს, შეისწავლოს ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთთან და თუკი ის დადასტურდება, მიიღოს შესაბამისი ზომები.

„კომიტეტი მოვუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება მისი დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

„კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – ნათქვამია შესწორებულ ტექსტში.

იტვირთბა....