ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ” – ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. ისინი პრეზიდენტს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

“ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო.

საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა მარტივი არ არის. მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უმრავლესობა.

ცოტა ხნის წინ, ევროპული კომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა მიეცა. ისტორიული შესაძლებლობა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა იღებს, იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ევროკავშირიც არის აგებული.

ჩვენ, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები ევროპარლამენტში, დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ და ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას.

სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის მქონე საჯარო პირების დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის მქონე ქვეყნისთვის.

ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების შესახებ, რომლებიც მის წარსულ საქმიანობას ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დირექტორობას, უკავშირდება. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.

ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში.”- წერია ევროპარლამენტარების წერილში.

იტვირთბა....