თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში იდგა და ქართველებს აგინებდა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
„არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა, შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, – უთხრეს გამოცემას შსს-ში.
რუსეთის მოქალაქეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გუშინ გავრცელდა, ჩანს ახალგაზრდა კაცი, მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც იმეორებს ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოსა და ქართველების მისამართით.