ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა გამოცემა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს საკითხზე ისაუბრა.
მან შეაფასა დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები სანქციების მიმართულებით.
აუსტრევიჩუსმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ იზოლაციის თემაზე.
„რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბევრი თანამშრომლობის პროექტი და პოლიტიკის ხაზი, მათ შორისაა იზოლაცია. იზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის და ამას ქვეყანა იგრძნობს, მაგრამ ავტორიტარული დიქტატურის რეჟიმებს რომ ებრძოლო, რაღაც უნდა გააკეთო. როგორც ამას ვაკეთებთ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების კატეგორიაშია. ჩვენ არ გვინდოდა ამის დანახვა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანია. ჰკითხეთ მათ, რატომ აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო იზოლაციონისტები უნდა ვიყოთ.
მთავრობას [ვგულისხმობ იზოლაციაზე საუბრისას], რა თქმა უნდა. მე არ ვსაუბრობ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში – სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ; მინსკში უნდა წავიდნენ. მათი პარტნიორები იქ არიან და არა ბრიუსელში ან ვილნიუსში“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.