კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შესძლოა, დედალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგება სრულად შეწყდეს და ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, გააკეთონ საჭირო მარაგები ან მოძებნონ გზები, რომ დროებით დატოვონ ქალაქი.
ამის შესახებ კიევის მერმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა ეს თავიდან ავიცილოთ. მაგრამ, მოდით ვიყოთ გულწრფელები. ჩვენი მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე დატოვოს და ზოგადად, რომ ჩვენ ყველა დავიღუპოთ” – განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, ქალაქი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. კიევის ხელისუფლებამ მოაბილიზა დიზელის საწვავი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვებისა და წყლის მარაგები. მათი ცნობით, ქალაქში ზამთრის განმავლობაში ქალაქში სულ მცირე 1 000 გასათბობი პუნქტი იქნება.
თუმცა კლიჩკოს თქმით, ეს საკმარისი არ იქნება და უმჯობესია, თუ მოსახლეობა კიევის გარეთ მეგობრებსა და ნათესავებს დაუკავშირდება და “ცუდი სცენარის შემთხვევაში” მათთან დროებით დარჩენას შეათანხმებს.
“ეს არაა საკმარისი. შესაბამისად, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას – ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუ არ გვექნება ელექტროენერგია და წყლის მიწოდება, თუ გყავთ ნათესავები და მეგობრები კიევის გარეუბნებში, სადაც არის დამოუკიდებელი წყლის მიწოდება, გაზქურა, გათბობა იმისთვის, რომ დროებით იქ დარჩეთ, გთხოვთ, შეთანხმდით რომ ცუდი სცენარის შემთხვევაში შეძლოთ მეგობრებთან და ახლობლებთან გარკვეული დროის გატარება” – განაცხადა კიევის მერმა.
კიევის მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან ტკაჩუკმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ელექტროენერგიის სრულად გათიშვის შემთხვევაში, რაც წყლის შეწყვეტასაც გამოიწვევს, ქალაქში დარჩენილი 3 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
მისი თქმით, ხელისუფლებას ამგვარი სცენარის შესაძლო განვითარების შესახებ 12 საათით ადრე ეცოდინება და ისინი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ ამის შემდეგ მოუწოდებენ.
6 ნოემბერს, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, კიევში ენერგიის საათობრივად მიწოდების გრაფიკი დაწესდა.