მთავარი პოლიტიკა

როდის გახდა ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი, შეწყალებისთვის რომ მიმართავენ? – ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით – იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ – ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! “ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებას პატივი სცეს.

„პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა პირიქით“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით განცხადება “ლელოს” ინიციატივით მომზადდა და მას “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება.

იტვირთბა....