ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი გაერო-სგან სურსათის ექსპორტის შემსუბუქებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, იორდანიაში, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით გაერო-ს მოუწოდებს, რუსეთს სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისკენ მიმართული ნაწილის შესრულებაში დაეხმაროს.

„ამ დრომდე ვერ ვხედავთ რაიმე შედეგს მეორე ასპექტთან დაკავშირებით, რაც რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც ის დათანხმდა საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, სიტუაცია უნდა მოგვარდეს „უახლოეს პერიოდში“.

„სასუქისა და მარცვლეულის მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ეს მოცულობა რუსეთის მხრიდან შეუდარებლად დიდია, ვიდრე უკრაინის მხრიდან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით ივლისში, 120 დღის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე არ ვრცელდება, რუსეთის თქმით, ექსპორტს ხელს უშლის სხვადასხვა სექტორში დაწესებული შეზღუდვები, ამიტომ მოსკოვს არ მიაჩნია, რომ მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სასუქის მარაგების ექსპორტისთვის საკმარისი გაკეთდა.

გასულ შაბათს, რუსეთმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. გუშინ კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ უბრუნდება, ვინაიდან უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო.

იტვირთბა....