ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი ძმის პატიმრობაში დატოვებით უმძიმესი შედეგი დადგება” – თორნიკე მამალაძის პირველი კომენტარი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ

მსჯავრდებული დეკანოზის ძმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს,რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან და აღდგეს სამართლიანობა.

“პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!
ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!
სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით” წერს თორნიკე მამალაძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში და მე – 2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგი საჩივარს 3 წლის განმავლობაში განიხილავდა. ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

იტვირთბა....