ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიზანი გვარამიას დასჯა და კრიტიკული მედიის შეფერხებაა – NGO-ები სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს. მათი თქმით, სასამართლოს დღევანდელი განაჩენი კრიტიკული მედიის დასჯის მცდელობაა.

“დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა.

საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.

მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“ , – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....