„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ნეგატიური მოლოდინი მქონდა. თუ გესმის ამ ხელისუფლების ბუნება, გასაგებია, რომ ისინი არაფერს დათმობენ, სანამ „აქეთ“ არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა“.
ჯაფარიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გამოჩნდა, რომ 12 პუნქტიდან საქართველოში ერთ-ერთი, დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობა, არ სრულდება.
„ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი ფაქტორია. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია გარემო უნდა იყოს, ჩაწერილი იყო გვარამიას და იმის გამო, რომ სხვა მედია საშუალებების მფლობელების მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პუნქტი არ სრულდება, თავი რომ დავანებოთ სხვა პუნქტებს, რომლებიც ასევე არ სრულდება. ეს კი ნიშნავს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ისაუბრა ოპოზიციის გეგმაზეც და აღნიშნა, რომ „ჯერ არ არსებობს ოპოზიციის ერთობა, რომ ვინმემ საერთო გეგმაზე ისაუბროს და როდესაც ერთობა იქნება, შემდეგ ვილაპარაკებთ ამაზე. ვაპირებ იმ მიმართულებით მოძრაობას, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება ყველასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ – ეს მგონია გამოსავალი“.