ახალი ამბები მთავარი სამართალი

მე არ მშურს ამ მოსამართლეების, ისინი მომავალ თაობას თვალებში ვერ ჩახედავენ – სოფო ლილუაშვილი

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ამ სასამართლოსგან განსხვავებული მოლოდინი არ ჰქონია. მისი თქმით, მომავალ თაობას თვალებში სირცხვილით ვერ ჩახედავენ.

“დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე. მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ვერ ჩახედავენ მომავალ თაობას თვალებში და შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორიც ვნახეთ და ეს ძალიან სამწუხაროა, რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთია ადამიანები, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ, მათ შორის, მათი შვილებისთვისაც და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას ბრალი დაუმძიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....