ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი გაერთიანებულ სამ ოპოზიციურ პარტიაზე: არ მომწონს, ნიჰილიზმს რომ თესავენ

საპარლამენტი პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი დღევანდელ გამოსვლაში გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული განცხადებას.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს ნიჰილიზმისა დათესვის მცდელობა საზოგადოებაში. მისი აზრით, წინასწარ არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, ვინც საქართველოში შემოდის და ვისაც მე საზღვარგარეთ ვხვდები, ცალსახად გვეუბნება, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და რომლის შედეგიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღება. არავინ იცის, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული კომისია და რა რეკომენდაციას წარუდგენს ის ევროპულ საბჭოს, რომელიც შემდეგ 27 წევრ ქვეყანას მიაწვდის თავის მოსაზრებებს. შეუძლებელია, ვინმემ წინასწარ იცოდეს, რა იქნება მათი გადაწყვეტილება, სულ მცირე იმ მიზეზით, რომ ეს 27 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და არა ცალკეული პოლიტიკოსების, როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ კონკრეტული პროცესის მიმართ.

არ მომწონს ნიჰილიზმის დათესვა, არ მომწონს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ადამიანს უცრუებს იმედს, რის შედეგადაც ადამიანები თავშესაფრის ძებნას სხვა ქვეყნებში იწყებენ, ამით, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ ვზარალდებით და ზარალდება დემოკრატია, რომელიც ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს და ეს ახალი საფეხური უნდა იყოს დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება, ეს კი ძალიან რთული იქნება, თუ აქტიური ადამიანები, ახალგაზრდები ქვეყანას დატოვებენ და დარჩებიან მხოლოდ ბავშვები და პენსიონერები. ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას ითვალისწინებდნენ, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე, და მეორე, არ თესავდეს ქვეყანაში ნიჰილიზმს და უიმედობას“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „გირჩი – მეტი თავისულების“ , „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დიდი ალბათობით, დასავლეთი საქართველოს ისევ უარს ეტყვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რადგან მათი გაცემული რეკომენდაციები არ სრულდება. აღნიშნულმა სამმა პარტიამ დღეს „ქართულ ოცნებას“ 31 კითხვით მიმართა, რომელიც ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხს უკავშირდება.

იტვირთბა....