საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.