პარტია „გირჩის“ საპარლამენტო დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, საქართველოში პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე, ის მხარს არ უჭერს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებას.
” დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით, პრობლემას სხვაგან გადავიტანთ და ვერასდროს მოვაგვარებთ მას. ერთპიროვნულ მმართველობას რაც შეეხება, ამ პრობლემის მოგვარების გზა ორ რამეში მდგომარეობს: ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკურ ველზე ცოტა მოთამაშეა, პოლიტიკური პლურალიზმის შექმნის შესაძლებლობა კი არის ბუნებრივი ბარიერი პროპორციული სისტემის ფარგლებში. მეორე პრობლემა, რაც მოსაგვარებელია, არის სასამართლო, ამ პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, ასევე შეუძლებელი იქნება ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ არც ერთი გვაქვს (ბუნებრივი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემის ფარგლებში) და არც მეორე (სასამართლო), ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე, ეს არის გამოსავალი ერთპარტიული და ერთპიროვნილი მმართველობიდან,”- აღნიშნავს მეგრელიშვილი.
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, თუ რას შეცვლიდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზემოაღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით.
“ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრიდა. ივანიშვილის დაბრუნება ევროპელების გადმოსახედიდან მოგვიხსნიდა ოლიგარქიზაციის პრობლემას, რადგან მათი გადმოსახედით ოლიგარქიზაცია ნიშნავს არაფორმალურ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებში,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.