თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოში კახა კალაძის რიგგარეშე სხდომით მოწვევის საჭიროება არ არსებობს. ტყემალაძის თქმით, თბილისის მერი უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშით წარდგება.
“რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა კოლეგებმა საკრებულოს მომართეს ერთობლივი წერილით, სადაც ისინი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რომლის დღის წესრიგით იქნებოდა გათვალისწინებული თბილისის მერის კახა კალაძის რიგგარეშე ანგარიში. რაც შეეხება თბილისის მერის ანგარიშს, თბილისის მერს უახლოეს მომავალში საკრებულოში წლიური ანგარიშით უწევს წარდგენა. ის საკრებულოში აუცილებლად მოვა და წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა სწორი არ იქნება. რეგლამენტით არის გათვალისწინებული, რომ როცა საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება აქვთ იმისა, რომ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა და მოითხოვონ სხდომის ჩატარება. შესაბამისად, იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაგეგმილი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათ ამის უფლება გააჩნიათ და თუ ამის სურვილი აქვთ თვითონ განახორციელონ აღნიშნული”, – აღნიშნა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს.