მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ, რამდენიმე წუთის წინ, საჯარო რეესტრს ისევ მიმართა. ბაია გადაბაძემ უწყებას კიდევ ერთხელ აცნობა, რომ მას სასამართლოში სარჩელი იმ კრების ოქმის გაუქმების მოთხოვნით აქვს შეტანილი, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
რაც შეეხება გაჩეჩილაძეებს, მისი ადვოკატი საჯარო რეესტრისგან პასუხს პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე წარდგენილ განცხადებაზე დღეს ელოდება.
შეგახსენებეთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ აღნიშნული მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც გია გაჩეჩილაძემ არხის 55% იყიდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ბაია გადაბაძე და მის ადგილას თავისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. გაჩეჩილაძეს დირექტორად რეგისტრირებაზე საჯარო რეესტრმა ორჯერ უარი უთხრა.