ახალი ამბები საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროტესტის ნიშნად ევროპის დამოკიდებული პრესის საბჭოს ალიანსი დატოვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ალიანსმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნას, გაერიცხათ ალიანსიდან რუსეთის პრესის საბჭო. შედეგად ალიანსი დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ.

“უკრაინის პრესის საბჭომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დააყენა ალიანსის წინაშე საკითხი, რომ გაერთიანება დაეტოვებინა რუსეთის პრესის საბჭოს. ეს საკითხი იყო ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წლიური შეხვედრის განსახილველი მთავარი თემა. ალიანსის წლევანდელი შეკრება 20-21 ოქტომბერს კვიპროსში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის პრესის საბჭოებთან ერთად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც მონაწილეობდა.

უკრაინის ამ მოთხოვნას მხარს უჭერდა ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, მედიის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვის და ფართომასშტაბიანი პროპაგანდის ფონზე რუსეთის პრესის საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა დამოუკიდებელ პრესის საბჭოთა ალიანსის წევრი.

უკრაინის ინიციატივაზე გამართული დებატები და კენჭისყრა, ჩვენი შეფასებით, არ იყო დემოკრატიული. კენჭისყრაზე გასულ საკითხს, უნდა დაეტოვებინა თუ არა რუსეთის პრესის საბჭოს ალიანსი, კონფერენციის მონაწილეთა ორმა მესამედმა მხარი არ დაუჭირა და რუსეთი ალიანსის წევრად დარჩა, თუმცა ის დაქვეითდა ასოცირებულ წევრად. პროტესტის ნიშნად, უკრაინის პრესის საბჭომ დატოვა AIPCE“ ,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ქარტიაში აღნიშნავენ, უკრაინის პრესის საბჭოს პროტესტი სამართლიანად მიიჩნიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და 8 ქვეყნის: სომხეთის, მოლდოვას, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ესტონეთის, დანიისა და ირლანდიის ეთიკის საბჭოებმა და ალიანსის წევრობა შეიჩერეს.

„ის ფაქტი, რომ ალიანსის წევრი აღარ არის უკრაინა და არის რუსეთი, შეუძლებელს ხდის ჩვენს დარჩენას AIPCE-ში. დღეს რუსეთში პრესის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, მთელი მედია სექტორი კი პუტინის საშინელ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ AIPCE-ს მიზნებს და დამოუკიდებელი პრესისა და პრესის საბჭოების განვითარებას ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერას მდგრადი თვითრეგულირების ორგანოების შექმნის მიმართულებით და განვიხილავთ დაბრუნებას ისეთ ალიანსში, სადაც იქნება უკრაინა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, იდეები და ღირებულებები,” – ნათქვამია პრესის საბჭოების მიერ მომზადებულ საერთო წერილში, რომელიც გუშინ AIPCE-ს მმართველ კომიტეტს გაეგზავნა.

განცხადებაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ ის კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას უკრაინის პრესის საბჭოსა და უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ და დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია ისეთი ორგანიზაციის წევრობა, რომელიც დღეს ვერ პასუხობს და ვერ იცავს იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც ქარტია მას შეუერთდა.

იტვირთბა....