ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმ ადამიანს მხარს ვერ დავუჭერთ, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს – რატი იონათამიშვილი

“ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის თქმით, ანა აბაშიძის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვერ დაუჭერს, რადგან ის ხელისუფლების ამომრჩეველს სიძულვილის ენით ესაუბრება. მისი განმარტებით, საჭიროა ჯერ ყველა კანდიდატს მოუსმინოს და მერე ისაუბროს პერსონალიებზე:

“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს თითოეულ კანდიდატGან გასაუბრების პროცესს და ჩვენ თითოეულ კანდიდატს ცხადია, თანაბარ პირობებს შევუქმნით, რომ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და კონცეფციები. ცხადია, უცვლელი რჩება მთავარი კრიტერიუმები, რაც მიუკერძოებლობასა და კვალიფიკაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენი კითხვები სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასებისკენ იქნება მიმართული. ცალკეულ პერსონალიებზე ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი საუბარი, სანამ ყველას არ მოვუსმენთ. თუმცა, ცხადია, იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატს ანა აბაშიძეს უმრავლესობის დეპუტატებმა მას ძველი განცხადებები შეახსენეს:

“თქვენ კი ბრძანეთ თქვენი სიტყვის დასასრულს, არაფერს ვნანობ, რაც გამიკეთებიაო, მაგრამ მე მგონი, უნდა გენანებოდეთ, რომ მაგალითად, გაქვთ ასეთი გამონათქვამი, ბიოდეგრადირებული ნაგავი ხართო, ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. საჯარო სივრცეში გაქვთ ნათქვამი, იქ მსჯელობთ, პოლიეთილენი უფროა ალბათო, რადგან ნეშომპალაც არ გამოვა თქვენგანო, იმ ხალხს არ გაუჭირდება მოსვლა და თავისუფლების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მიმართვა?“ – აღნიშნა სარჯველაძემ.

ანა აბაშიძემ სარჯველაძეს უპასუხა:

„მოდი დაშვება გავაკეთოთ, რომ მივმართე და არ გეგონოთ, რომ ამას არ ვპასუხობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია კონტექსტი. ჩემი სამართლებრივი პროცესების გამო, ათასობით ადამიანმა წააგო საქმე, მათ მოუწევთ ჩემთან მოსვლა, გაუჭირდებათ მოსვლა? თუ ადამიანი როდესმე სახელმწიფო თანამდებობაზე იფიქრებს, თვითცენზურა უნდა დაიწესოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან,”- განაცხადა აბაშიძემ.

იტვირთბა....