“ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მიმართვა ნათელი მაგალითია იმის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. სამადაშვილის შეფასებით, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს მმართველობას, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება:
„ნედ პრაისის განცხადება რაც ვნახეთ, არის ის, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა რეფორმების გატარებას ქვეყანაში, ეს არის უკუსვლა, რამაც საფრთხე შეუქმნა ევროკავშირში ჩვენს მომავალს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც აქვს საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს და კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ, ასე თუ გააგრძელებს „ქართული ოცნება“, ვერ მიიღებს. ეს შეფასება არის გამოძახილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე სასამართლო კლანის გაძლიერების თაობაზე, ამ გზავნილს ძალიან ყურადღებით მოვეპყრობოდი მე პირადად, რადგან ეს ძალიან ნათელი გზავნილია, რომ სანამ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, არანაირი პროგრესი არ იქნება,“ – განაცხადა სამადაშვილმა.