ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილში ვუყურებთ მხოლოდ კოსმეტიკურ რეფორმებს და კოსმეტიკურ გაჯანსაღებას, ფუნდამენტურ რეფორმებზე საუბარი არ არის, რაც წარმოადგენს პრობლემას. ხელისუფლებას არ სურს ცვლილებები, რომელიც ძალაუფლების დათმობასთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას, დოლიძის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გარდა იმისა, რომ აძლიერებს კლანურ მმართველობას, ასევე დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ნაწილში.
„მაშინ, როდესაც მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას, მასში არის კლანური მმართველობა და ეს წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საქართველოსთვის ძალიან ცუდია. გარდა იმისა, რომ ეს აძლიერებს კლანურ მმართველობას და არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ასევე დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ნაწილში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს 12 რეკომენდაცია იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილში ვუყურებთ მხოლოდ კოსმეტიკურ რეფორმებს და კოსმეტიკურ გაჯანსაღებას, ფუნდამენტურ რეფორმებზე საუბარი არ არის, რაც წარმოადგენს პრობლემას. ხელისუფლებას არ სურს ცვლილებები, რომელიც ძალაუფლების დათმობასთან იქნება დაკავშირებული. სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, რომელიც რეალურად მოიტანს სასამართლო დამოუკიდებლობას, სამართლიან არჩევნებს და აჩვენებს ქვეყნის პოლიტიკურ ნებას, რომ მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

