იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის მიმართვას გამოეხმაურა და კრიმინალური ხასიათის განცხადება უწოდა. ბრეგაძემ უკრაინელ მაღალჩინოსანს საერთაშორისო სამართალში გარკვევა ურჩია:
“ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა,მითუმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა ოლექსი არესტოვიჩმა სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპს ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს უშველის, რადგან ქვეყნის პრორუსი ხელისუფლება ანადგურებს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა შექმნა.