პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი არა მხოლოდ უვიცია, მას შეიძლება ფსიქიატრიული პრობლემებიც ჰქონდეს. მისი თქმით, ხალხმა უნდა შეწყვიტოს პოდოლიაკისა და არესტოვიჩის მოსმენა, რადგან მათ განცხადებებზე კომენტარის კეთებაც აღარ ღირს:
“არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, მას ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა. არესტოვიჩი გვპირდება, რომ თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ – ამაზე კომენტარების კეთებაც აღარ ღირს. მომავალ კვირას საპარლამენტო დელეგაცია ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაზე მიემგზავრება, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმა. შეხვედრა იქნება რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან და მასთან ამ საკითხს დავსვამთ, თუმცა მისი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული განცხადება და ამიტომ ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს უშველის, რადგან მისი პრორუსი ხელისუფლება სააკაშვილის მიერ შექმნილს ანადგურებს.