ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადავცემთ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერმინისტრის იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემს.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა როგორც ქვეყნის ლიდერი, ის ვალდებულია გაითვალისწინოს ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები:

„ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭირეთ. პირველები ვიყავით და თუ არ ვცდები, ვრჩებით ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას საველე ჰოსპიტალი გაუგზავნა. ჩვენ გავგზავნეთ და ახლაც ვგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში, ჩვენ შევთავაზეთ და კვლავ ვთავაზობთ სამოქალაქო გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გაეროში ხმა მივეცით და დავგმეთ, აბსოლუტურად ერთხმად დავგმეთ როგორც თავად შეჭრა ასევე მკვლელობები ბუჩაში.

მაგრამ მე ისრაელის პრემიერმინისტრი ვარ და ჩემი ვალია გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. არ მჯერა კომპლექსურ კითხვებზე მარტივი პასუხების. არც ამერიკელებს და არც ბრიტანელებს, ვინც უკრაინას იარაღს აწვდიან არ გაუგზავნიათ საკუთარი საჰაერო თავდაცვა რუსული ტანკების კოლონის დასაბომბად. ყველა ითვალისწინებს საკუთარ თავდაცვით ინტერესებს და მეც ზუსტად ასე ვიქცევი“ – განაცხადა ლაპიდმა.

გარდა ამისა, კითხვაზე რა პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის “რკინის გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ისრაელის პრემიერის თქმით, ეს “საზღვრის გადაკვეთა იქნება”, რაც მას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესებიდან გამომდინარე არასწორად მიაჩნია.

„ეს არის ერთგვარი საზღვრის კვეთა, კვეთა რაც ბევრი მიზეზის გამო მე არასწორად მეჩვენება. მე ვსაუბრობ იმ არგუმენტების სერიაზე, რაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა მე სწორად მიმაჩნია. ეს არ აუქმებს უკრაინის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

იტვირთბა....