ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევა – ნანა კაკაბაძე ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.

“საცოდავმა ზელენსკიმ სანქციებით „დაგვბომბა“.
ვაშაააა!
რას არ გაიგებს კაცი – უკრაინას დაუსანქცირებია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ძმის-ცოლი, დეიდაშვილი, იმის შვილი, აგრეთვე კიდევ 3 ქართველი ბიზნესმენი.
„ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“ – ასეა ამათი საქმე.
კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარია უკრაინის ხელისუფლების (და ალბათ მათ უკან მდგარი აშშ-ს) აშკარად გაუთვლელი და მათთვის უკუშედეგის მომტანი პოლიტიკა.
როგორც ჩანს, ვაიქართველი ყავლგასული პოლიტიკოსები ზელენსკის და მის გარემოცვას უმტკიცებენ, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქად, მტრად მიიჩნევს და ერთი სული აქვს, როგორმე მოიშოროს თავიდანო.
ის ლექსიკა და შტამპები ჩაუჭედეს თავში გაჭირვებაში ჩავარდნილ უკრაინის საცოდავ ხელისუფლებას, რა ლექსიკონითაც თვითონ მსჯელობენ, რა ილუზორულ წარმოდგენებსაც იქმნიან და რითიც ერთმანეთს ასაზრდოებენ.
თუ დავუმატებთ იმას, რომ იქ მყოფი ქართველთ მოძულე ნაქართველარები მუდმივად ტრიალებენ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შორი¬ახლოს, გასაკვირი არ არის, ზელენსკის და მის გუნდს მართლა სჯეროდეს, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ (რაც ასე სჭირდება უკრაინას) მაგრამ ბიძინა და მისი გუნდელები ამუხრუჭებენ.
ამიტომ აქედან ელოდებოდნენ მასობრივ აღტაცებას და მხარდაჭერას.
უკრაინის ეროვნული უშიშროების თუ ეროვნული საშიშროების საბჭოს (ამას მალე ვნახავთ) მოუთხოვია ზემო ხსენებულ პირებზე სანქციების დაწესება, რომლის შეფიც ოლექსი დანილოვია, ის პერიოდულად ომისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს საქართველოს.
ზელენსკისაც დაუჯერებია ცრუ ნარატივი და დაუყოვნებლივ მოუწერია ხელი.
ნათქვამია, პოლიტიკოსის ღირსება მტრების მეგობრებად გადაქცევაშიაო. უკრაინის პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, მეგობრების მტრებად გადაქცევის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა.
სავარაუდოდ ამერიკა- ევროპასაც მოსთხოვს ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას, რითაც ერთად ერთს ჩვენს სამარცხვინო ოპოზიციას გაახარებს, რომელსაც დიდი ჟრიამული აქვს ატეხილი ზელენსკის გადაწყვეტილების გამო. აი, რას ამბობენ ისინი:
გიგა ბოკერია: „ივანიშვილი ბოროტების მხარეზეა თავისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ ამის კიდევ ერთი გაფორმებაა დღეს“.
მამუკა ხაზარაძე: „ეს არის პრორუსული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება“.
შალვა ნათელაშვილმა: „გილოცავთ. „ლეიბორისტული პარტიის“ 10 წლიანი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად გამარჯვებით მთავრდება… ხელისუფლება იცვლება მეგობრებო, შევეგუოთ“.
ნიკა მელია: „სანქციები ბიძინას მიუახლოვდა!“
ამ და სხვა იდიოტებს არ ესმით, რომ პოპულარული და პატივცემული ქართველების მიმართ მტრული, თანაც, უსამართლო ქმედებები ავტორთა მიმართ მიუღებლობას აღვივებს ქართველ ხალხში.
ქვეყნისათვის ომის აცილებისთვის, ხალხის გადარჩენისთვის „დასჯილი“ ადამიანის მიმართ სოლიდარობა, სიყვარული, თანაგრძნობა, საზოგადოების ბუნებრივი რეაქციაა.
ის ფაქტი, რომ ამგვარ მიზეზთა გამო ქართველების დიდი უმრავლესობისთვის ბიძინა ივანიშვილი პოპულარული და პატივცემული პერსონაა, ტვინგაყინულ ოპოზიციონერებს არ უნდათ თავში შეუშვან. ბოღმა, შური და ღვარძლი ისე აბრმავებს მათ, სასურველს რეალობად წარმოაჩენენ, ილუზიებში ცხოვრობენ, სხვებსაც და საკუთარ თავსაც აჯერებენ, რომ საქართველოში ყველა ბოროტების და წარუმატებლობის სათავე ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ ყველა წარმატებაშიც მხოლოდ უარყოფითი უნდა დაინახონ, საკუთარი გაუკუღმართებული წარმოდგენები გაამართლონ.
ასე რომ არ ქნან, მაშინ ხომ ხუხულასავით ჩამოეშლებათ რუდუნებით შექმნილი და მოვლილ-რეკლამირებული მტრის ხატი.
ამ ყველაფერს კი საბოლოო შედეგად ისევ პროდასავლური იდეოლოგიის (როგორც უსამართლო და უსინდისო) დასუსტების და პრორუსული იდეოლოგიის (როგორც ამის ალტერნატივის) გაძლიერებისკენ მივყავართ. და სულ არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი „გენიოსი“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას შეგნებულად აკეთებენ თუ თავისი ვიწრო, გამრუდებული პოლიტიკური აზროვნებით.” – წერს კაკაბაძე.

იტვირთბა....