“ლოგიკური მოლოდინია, რომ სანქციების პოლიტიკა გააქტიურდება”, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების თაობაზე განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა.
„ცალკეული განცხადებები, რომელიც ისმის ხოლმე, რიგ შემთხვევებში მოდის კერძო პირებისგან, ექსპერტებისგან. მე ამ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ეს არ არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამის თქმის მყარ საფუძველს მაძლევს ის შეხვედრა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციას გვქონდა კიევში, ბუჩასა და ირპენში, სადაც შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალური პირების დელეგაციას. შეხვედრა შედგა პარლამენტის სპიკერებს შორის, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა და ასევე შეხვედრა იყო სრულ დელეგაციებს შორის. ჩვენ რადას სპიკერისგან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, მსგავსი მოწოდებები არ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები კერძო საუბარში პაპუაშვილთან რომ გაეჟღერებინა, ის პასუხს გასცემდა. ასე რომ, ეს თემა სპეკულაციაა და უნდა დასრულდეს. რაც შეეხება სანქციებს, ეს თემა რომ დღის წესრიგშია შეუქცევადად, ეს შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი დღის წესრიგში ჩასვა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქი და მის მიმართ სანქციების საკითხი უნდა იქნას განხილული ევროკავშირშიც და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებშიც. ამის გაგრძელებაა ის, რომ უკრაინის სანქციებში მოყვა ივანიშვილის ოჯახი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

