ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს

საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სირიაში იერიშებისა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადებები მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთდა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერასა და იერიშებს შეწყვეტს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთის ოპერაცია სირიაში დაუშვებელია და ავიაცია სკოლებსა და საავადმყოფოებს ბომბავს.

განცხადებები ირანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ ვიდრე ასადი ხელისუფლებიდან არ წავა, სირიაში ისლამური სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელი იქნება.

რუსული ავიაცია კი სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს ეხება და ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას არ გულისხმობს.

მოსკოვში დღესაც ამტკიცებენ, რომ რუსული ავიაცია მხოლოდ ტერორისტების პოზიციებს ანადგურებს და დასავლეთის ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ “სიცრუეს” უწოდებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ დამასკოსა და ჰომსის გარეუბნებზე მიიტანა იერიში.

ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

იტვირთბა....